გლდანელი კულა
გლდანელი კულა (ივანე ყირიმელაშვილი). 1860, სოფელი გლდანი_1933, თბილისი. ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანი. გამოირჩეოდა ღონით, სიმარდით, ქართული ჭიდაობის ილეთების კარგი ცოდნით. დამარცხებული ჰყავს თავისი დროის არაერთი სახელოვანი ქართველი და უცხოელი მოჭიდავე. პირველმა დააარსა თბილისში ე. წ. საჭიდაო წრე, სადაც თავს იყრიდნენ ამიერკავკასიის საუკეთესო ფალავნები. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა გლდანელისა და ნესტორ ესებუას პაექრობა, რასაც აკაკი წერეთელმა უძღვნა პოემა “გლდანელი და ესებუა" . ეს პოემა ლიტერატურულად აღმოაჩინა პაოლო იაშვილმა. აი ადგილები, სადაც მოხსენიებულია კულა გლდანელი:
გლდანელი კულა და ნესტორ ესებუა
" გლდანელის საპირისპიროდ
აქ ვიღაც ჩამოსულაო,
მაგრამ ყურებსაც არ იბერტყს
ჩვენი ნაქები კულაო,
ამბობს, ამისი ტოლები
აქ ბევრი გალახულაო,
და ესეც ისე გავპენტო
როგორც რომ ბამბის ქულაო."
"გამოდის კულა გლდანელი
მხარბეჭა ტანშიშველია,
ჯეირანივით ნავარდობს,
მაღლა ხტის როგორც შველია."
ეწეოდა საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობას (ფინანსურად დაეხმარა ვაჟა-ფშაველას პეტერბურგში სასწავლის გასაგრძელებლად გამგზავრებაში). გაზეთი `დროება~ (N 202,1882 წელი)კულა გლდანელზე წერდა: “მშვენიერი თვალტანადია გლდანელი, ვიწრო ჩოხა შემოწურული, სწორედ გმირსა ჰგავს, როდესაც გამოვა მოედანზე. მისი ამაყი, დარწმუნებული სიარული, მედიდური მიხვრა-მოხვრა, განიერი და ძარღვიანი გულ-მკერდი, მართლაც სასიამოვნო სანახავია”.
No comments:
Post a Comment